უბრალოდ იმის გაგება, რომ ღმერთი ყველას გულში არსებობს სრულყოფილებას არ ნიშნავს. ადამიანმა შიგნიდან და გარედანაც უნდა შეიცნოს და ასე იმოქმედოს კრშნას ცნობიერებაში. ესაა ადამიანის სიცოცხლის უმაღლესი სრულქმნა და ყოველგვარი იოგას სისტემის საბოლოო საფეხური.
სრულყოფილ იოგს რვა სახის ზებუნებრივი უნარის შეძენა შეუძლია. მას შეუძლია:
1. ატომზე მცირე გახდეს;
2. მთაზე დიდი გახდეს;
3. ჰაერზე მსუბუქი გახდეს
4. რკინაზე მძიმე გახდეს;
5. მიაღწიოს ნებისმიერ სასურველ მატერიალურ შედეგს (მაგალითად, შექმნას პლანეტა);
6. უფლის მსგავსად აკონტროლოს სხვები;
7. თავისუფლად იმოგზაუროს ყველგან სამყაროს შიგნით (ან გარეთ);
8. შეარჩიოს დრო და ადგილი სიკვდილისთვის და ხელახლა დაიბადოს, სადაც სურს.
მაგრამ როდესაც ადამიანი სრულყოფილ საფეხურს აღწევს, როცა მას უფლის კარნახის მიღება შეუძლია იგი ზემოხსენებული მატერიალური მიღწევების საფეხურზე მაღლა დგება.
საყოველთაოდ გავრცელებული იოგას სისტემის სუნთქვითი ვარჯიშები ამ სისტემის მხოლოდ დასაწყისს წარმოადგენს. ზესულზე მედიტაცია წინ გადადგმული ნაბიჯია. საოცარი მატერიალური წარმატების მიღწევაც მხოლოდ ერთი ნაბიჯი გახლავთ წინ. მაგრამ ზესულთან უშუალო კავშირის მიღწევა და მისგან მითითებების მიღება არის სრულქმნის უმაღლესი საფეხური.
📖 მეცნიერება თვითრეალიზაციის შესახებ – ა.ჩ. ბჰაქტივედანტა სვამი პრაბჰუპადა