ბჰაგავად-გიტას მეორე თავი
ლექსად თარგმნა დავით თუთბერიძემ (დევარატა დას)
გახოვანება: ანა ამილახვარი
***
1. და რქვა სანჯაიამ:
ოდეს იხილა მწუხარებით სავსე არჯუნა
ხოლო მის გულში თანაგრძნობის მწველი ფიქრები
როს შეამჩნია თვალზე ცრემლი მამაც მეომარს
მადჰუსუდანამ ინება და ბრძანა სიტყვები
2. და რქვა უზენაესმა ღმერთმა სახიერმა:
საიდან მოგწვდა სიბინძურე გადამწყვეტ წამში
ბრძოლის ველიდან ჯაბანივით მიიქეც გასვლად
არიულ წესებს რად ივიწყებ, ასეთი გზებით
სირცხვილს მოიმკი სანატრელი სამოთხის ნაცვლად
3. სულმოკლეობას ნუ აჰყვები ო პრითჰის ძეო
ასეთი სენი სამარცხვინო რა შეგხვედრია
ჩქარა გულიდან მოიშორე სიძაბუნე და
წამოიმართე, მტერთა ძლევა შენი ხვედრია
4. და რქვა არჯუნამ:
ბჰიშმას და დრონას ვით შევკადრო ისრები როცა
ჩემგან ეკუთვნით მხოლოდ ლოცვა სამადლობელი
ვერ გამიგია მათ დამხობას როგორ მიბრძანებს
მადჰუსუდანა, მტერთა თვისთა დამამხობელი
5. მოძღვარი მოვკლა ამის მერე როგორ ვიხარო
სისხლით მექნება წაბილწული ლუკმა ყოველი
ხელის აღმართვას ასეთ ხალხზე უმჯობესია
წყალობის თხოვნით გავიტანო წუთისოფელი
6. აღარც კი ვიცი რა სჯობია – ძლევაი მტერთა
თუ მტერთა ხელით სიკვდილი და ისე ცხონება
თუმცა რა მტერი, წინ გვიდგანან ბიძაშვილები
მათი დაღუპვით დამთავრდება ჩვენი ცხოვრება
7. სიძუნწის სენმა მოკლა ჩემში გმირის ბუნება
აწ კი უძლურმა საკუთარი ვეღარ ვცან ვალი
რაშია მადლი, გეკითხები როგორც შეგირდი
აჰა მოგენდე, მომაპყარი წყალობის თვალი
8. რა ვუყო ტკივილს აუტანელს გულს რომ მისერავს
გრძნობას რომ აშრობს როგორც ქვიშას უდაბნოს ქარი
ვეღარ უშველის ჩემს სატანჯველს ვერც ხელმწიფება
ვეღარც სამეფო თუნდაც იყოს სამოთხის დარი
9. და რქვა სანჯაიამ:
რა მოახსენა ეს სიტყვები გრძნობათა უფალს
მტერთა მძლეველმა, დამთრგუნველმა ბნელი ძალისა
ესღა წარმოსთქვა – “ო გოვინდა, მე არ ვიბრძოლებ”
და კვლავ მიეცა მდუმარებას შემდგომ ამისა
10. მაშინ მეფეო, მბრძანებელო ბჰარატას გვარის,
არმიებს შორის ბრძოლის ველზე მდგარმა უფალმა
მზერა მიაპყრო არჯუნას და წყნარი ღიმილით
დარდით აღსავსე თავის ერთგულს ასე მიმართა
11. და რქვა უზენაესმა სახიერმა ღმერთმა:
სიტყვებს კი ამბობ მეცნიერულს როგორც სწავლული
თუმცა მას დარდობ რაც არაა საგანი დარდის
ნამდვილი ბრძენი არ მისტირის წარმავალ სხეულს
მკვდარია იგი თუ ჯერ კიდევ ცოცხალი დადის
12. ჩვენ ვარსებობთ და ვიარსებებთ მარადიულად
როგორც მე და შენ ისე მეფე ყველა აქ მყოფი
არც არასოდეს გაგვივლია და არც მოგველის
არარსებობა – თუნდაც ერთი წამის სამყოფი
13. ისევე როგორც გაჩენიდან ღრმა სიბერემდე
თანდათანობით იცვლის სხეულს ყველა არსება
სიკვდილის შემდეგ ახალ სხეულს ღებულობს სული
და არ აშფოთებს გონიერ კაცს გარდაცვალება
14. წუთისოფელში კუნტის ძეო ჭირი და ლხინი
მონაცვლეობენ წელიწადის დროების მსგავსად
გრძნობათა მიბმა წარმავალზე სატანჯველს ბადებს
რომელსაც უნდა გაუმკლავდე დათმენის ფასად
15. ის ვინც სიმშვიდეს ინარჩუნებს ჭირსა და ლხინში
და მუდამ ცდილობს მოთმინების გზებით იაროს
ასეთი კაცი უდრტვინველი ჰოი არჯუნა
მართლაც ღირსია უკვდავებას რომ ეზიაროს
16. მარადიული არ მორჩილებს ცვალებადობას
ცვალებადი კი ვერ იქცევა მარადიულად
ასე დაასკვნა ვინც იხილა ჭეშმარიტება,
და ორი არსის შეიმეცნა ბუნება სრულად
17. იცოდე რასაც მოკვდავ ტანში დაუდევს ბინა
არის უცვლელი და უკვდავი თავის ბუნებით
და ჭეშმარიტად ქვეყანაზე არავის ძალუძს
რომ უკვდავებას დაემუქროს განადგურებით
18. მოკვდავია და წარმავალი კაცის სხეული
მაგრამ სხეულის ბინადარი უკვდავი არის
სული არ კვდება არასოდეს და ამიტომაც
უნდა იბრძოლო მეომარო ბჰარატას გვარის
19. ვინც ამბობს “მოვკალ” ანდა იტყვის “აჰა მომკლავენ”
ორივე ცდება უმეცრებით გარემოცული
რადგან ფიქრობენ რომ უკვდავი სული ვინმეს კლავს
ან ვინმეს მიერ შეიძლება იქნეს მოკლული
20. სული არ კვდება არასოდეს, არც იბადება
არწარმოქმნილი, არც ოდესმე წარმოიქმნება
მარად უცვლელი, არშობილი და უასაკო
არ იღუპება როცა ტანში სიცოცხლე ქრება
21. თუ კაცი იცნობს არშობილი სულის ბუნებას
რასაც სიკვდილი ვერ დაამჩნევს თავის იარებს
ასეთი კაცი პრითჰის ძეო ან როგორ მოკლავს
ან მოკვლის სურვილს ვინმეს როგორ გაუზიარებს
22. ისევე როგორც კაცი იცვლის უვარგის სამოსს
ძველმანს დააგდებს, ტანისამოსს იშოვის ახალს
ასევე სული როცა ხედავს მომაკვდავ სხეულს
მიატოვებს და გამოსადეგ სხვა სხეულს ნახავს
23. სულს ვერ გახლიჩავს იარაღი ვერანაირი
ვერ შეეხება ვერასოდეს მას ცეცხლის ალი
ვერ გამოაშრობს ვერ დაშრიტავს ქარი ხორშაკი
ვერ დაასველებს, ვერც დაალბობს ვერასდროს წყალი
24. სულს განუყოფელს, დაუშრეტელს, უხსნელს და უწვავს,
ვერ შეეხება ძალა ცეცხლის, წყლისა და ქარის
მუდამ იგივეს, მარადიულს, უცვლელს და უძრავს
მას ყველგან ყოფნა შეუძლია და ყველგან არის
25. სულზე ამბობენ რომ თვალთაგან უხილავია
დროში უცვლელი და გონებით შეუცნობელი
სწორედ ამიტომ თუკი გესმის მისი ბუნება
რად გინდა დარდი, თვალზე ცრემლი შეუშრობელი
26. თუ მაინც ფიქრობ რომ ამქვეყნად ერთხელ მოდიხარ
რომ მხოლოდ ერთხელ შეგიძლია ნახო სამყარო
ერთხელ შობილი ერთხელ კვდები სხეულთან ერთად
დარდის მიზეზი მაინც არ გაქვს ო, მკლავმაგარო
27. რაც იბადება იგი კვდება, ხოლო მომკვდარი
კვლავ იბადება – ეს წესია გარდაუვალი
ცხადზე ცხადია მოსახდენი მაინც მოხდება
დარდსა და გლოვას აღასრულო ჯობია ვალი
28. თუ კი თავიდან ყოველივე უხილავია
გამოვლინდება, ისევ ქრება როგორც სიზმარი
არარსებულის უხილავში გადასვლის გამო
რაღა აზრი აქვს დარდს და გლოვას აბა მითხარი
29. ზოგი უყურებს სულს უხილავს როგორც სასწაულს
ზოგიც მოგვითხრობს თუ როგორი სასწაულია
ზოგი კი უსმენს სასწაულზე მოთხრობილ ამბებს
ზოგს მოსმენითაც ვერაფერი ვერ გაუგია
30. ამრიგად გეტყვი ო, ბჰარატას შთამომავალო
ცოცხალთა გამო ნუ ეძლევი დარდსა და გლოვას
სხეულში მცხოვრებს ვერაფერი გაანადგურებს
სულს მარადიულს ვერასოდეს ვერავინ მოკლავს
31. რაც შეეხება შენს საკუთარ მოვალეობას,
მეომრისათვის არ არსებობს სხვა არჩევანი
გარდა ერთისა – ყოყმანის და ეჭვის გარეშე
ომში დაიცვას სიმართლე და რჯულის მცნებანი
32. ნეტარი არის მეომარი ო პრითჰის ძეო
ვისთვისაც ბედი ომის ნიშნად ჩამოკრავს ზარებს
სიმართლისათვის თავდადების შემთხვევას ჩუქნის
და თავად უღებს ზეციური სამოთხის კარებს
33. ხოლო თუ მაინც უარს იტყვი და არ იბრძოლებ
შენი სახელი ქვეყანაზე დიდხანს ვერ დაყოფს
ცოდვას ჩაიდენ საკუთარი გზის უარყოფით
და ამ ცოდვისას უცილობლად მოიმკი ნაყოფს
34. შენს სისუსტეზე თაობები ილაპარაკებს
ჩვეულ დიდებას სამუდამო სირცხვილი შეცვლის
პატივის აყრა მეომრისთვის უარესია
ვიდრე წამება ჯოჯოხეთის კარებში შესვლის
35. მხედართმთავარნი მოწიწებით რომ გიყურებენ
ისე ჩათვლიან თითქოს შიშმა დაგრია ხელი
დაიკარგება შენი გვარის პატივისცემა
გახვრეტილ გროშად დაფასდება სახელი შენი
36. მერე კი მტერიც უდიერად მოგიხსენიებს
ამაზე მწარე სატანჯველი რაღა იქნება
როდესაც ხდება სასაცილო გმირობა შენი
და როცა ფეხქვეშ ითელება შენი ღირსება
37. ო კუნტის ძეო, გზა ერთია – უნდა იბრძოლო
აღსდექ, ღირსება დაიცავი შენი სახელის
თუ ბრძოლის ველზე დაეცემი სამოთხეს ნახავ
თუ გაიმარჯვებ ბედნიერი მეფობა გელის
38. უნდა მიიღო ერთნაირად ჭირი და ლხინი,
გამარჯვება თუ დამარცხების მწარე განცდები
ბრძოლაში შედი კუნტის ძეო მხოლოდ ბრძოლისთვის
და თუ ამგვარად იმოქმედებ ცოდვას აცდები
39. რაც მოგიყევი ლოგიკური განსჯის გზა იყო
აწ კი ისმინე მოქმედება ვით მართებთ ბრძენთა
თუ გამორჩენას არ ელი და ისე იღვაწებ,
ვერ დაგიმონებს შედეგები საქმეთა შენთა
40. ამ გზაზე დამდგარს ვერ ეხება დანაკარგები
დამარცხებაც კი ვერ დაუშლის მიღწევას მიზნის
თვით უმცირესი ძალისხმევა ამ გზაზე მავალს
საწუთროების უდიდესი საფრთხისგან იხსნის
41. ამ გზაზე მდგარი ურყევია თავის ზრახვებში
მის წინ ყოველთვის ერთადერთი მიზანი არის
მერყევი კაცის გონება კი დახლართულია
ო, საყვარელო მემკვიდრეო კურუთა გვარის
42. ადამიანებს, ვისი ცოდნაც ფრიად მწირია,
ვედებში მხოლოდ ხატოვანი იტაცებს ენა
სამოთხის ხიბლი, ჯანმრთელობა, ძალაუფლება,
მდიდარ ოჯახში დაბადება, შვილთა გაჩენა
43. გამორჩენისთვის რომ იცავენ რჯულის კანონებს
ამაზე მაღლა თუ რამე დგას არც კი იციან
ათასი სახის რიტუალებს აღასრულებენ
სულ საკუთარი ნეტარების გამო იღწვიან
44. სიამესა და განდიდებას დანატრებულებს
გონებას ურევს წუთისოფლის ხიბლი წყეული
არ ეღირსებათ მათ სამადჰი – აღქმის სრულყოფა
ჭკუა-გონების დაუნჯებით გამოწვეული
45. დიდი ნაწილი ვედებისა ჰოი არჯუნა
წუთისოფელში სამი გუნის ცვლილებებს ყვება
შენ კი უცვლელი შეიმეცნე, უშფოთველ იყავ
და შენი ჭკუა ორმაგობას ნუღარ აყვება
46. თუკი ვედების მთავრ მიზანს – ბრაჰმანს შეიცნობ
მყისვე მიაღწევ შენ ვედების ყველა სხვა მიზანს
ისე ვით დიდი წყალსაცავი შეძლებს ყველაფერს
რასაც პატარა წყლის გუბურა შეძლებს და იზამს
47. შენ მხოლოდ იმის უფლება გაქვს რომ იმოქმედო
თუმც მოქმედების ნაყოფებზე არ გაქვს უფლება
არც ის ჩათვალო რომ ნაყოფთა შენ ხარ მიზეზი
არც ქმედებისგან მოინდომო თავისუფლება
48. დანიშნულება აღასრულე დამჯდარი ჭკუით
წარმატების თუ მარცხის განცდებს ნუ ემონები
იოგა ქვია ო არჯუნა ამ თავდაჭერას
და მოქმედებას დაწყნარებულ ჭკუა-გონებით
49. ყოველი სახის ცოდვილ საქმეს აქციე ზურგი
და უანგარო მოქმედებას მიანდე ჭკუა
ხოლო მათ ვინაც მოქმედების ნაყოფს ესწრაფვის
ჰოი არჯუნა, იცოდე რომ ძუნწები ქვია
50. ვინც უანგარო მსახურების იოგას გაჰყვა
სიცოცხლეშივე მოიშორა მან ტვირთი კარმის
ბუდჰი-იოგას გზას მიყევი რადგანაც იგი
ყველანაირი მოქმედების გვირგვინი არის
51. ბუდჰი-იოგას საშუალებით ნამდვილი ბრძენი
სრულად იშორებს წარსულ დროში დაგროვილ კარმას
თავისუფლდება დაბადება-სიკვდილის წრისგან
და უკან ტოვებს მწუხარებას, ტკივილს და ტანჯვას